თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე/ბერძნულ- რომაული ფილოლოგიის სტუდენტური კლუბი ატარებს XII ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას - „ანტიკურობის თანამედროვეობა“, რომელიც გაიმართება 2026 წლის 13-15 მაისს, ჰიბრიდულ ფორმატში (აუდიტორიასა და პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით).
კონფერენციას კვლავ ექნება საერთაშორისო ფორმატი და მასში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ არა მხოლოდ საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამივე საფეხურის სტუდენტები, არამედ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფილოლოგია, ფილოსოფია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ხელოვნება, კულტუროლოგია და სხვ. კონფერენციის საგანგებო სექციები დაეთმობა ბერძნულ-რომაული ფილოლოგიისა და ანტიკური კულტურის აქტუალურ საკითხებს.
კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება - 20 წუთი; დისკუსია - 10 წუთი.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
წარმოდგენილ თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია.
გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 28 თებერვლამდე გააგზავნოთ თეზისები და ხელმძღვანელის რეკომენდაცია ელექტრონულ მისამართზე: greekstudies@tsu.ge . თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ თეზისების გაგზავნიდან ერთი კვირის ვადაში.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება სტუდენტურ პერიოდულ კრებულში „მნემოსინე“.
თეზისების გაფორმების წესი:
თავფურცელი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მოხსენების სათაური, უნივერსიტეტი, ქალაქი, ქვეყანა, ფაკულტეტი, კურსი (სწავლების საფეხურის მითითებით);
მოხსენების ენა და ფორმატი;
სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი;
ფონტი: Sylfaen, ფონტის ზომა: 12, ინტერვალი: 1,5
თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250-300 სიტყვას.